GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

03 ოქტ, 2025

SPiCE Central Asia 2025, რომელსაც ორგანიზება Eventus International-მა გაუწია და 25–26 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო The Biltmore-ში გაიმართა, ევროპის და აზიის მასშტაბით სათამაშო ინდუსტრიის ლიდერებს მოუყარა თავი. ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო გიორგი მამულაიშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელმაც თემაზე ისაუბრა: „ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი.“

ცენტრალური აზია – გარდამავალი ბაზარი

მამულაიშვილმა გამოსვლა დაიწყო იმით, რომ ცენტრალური აზიის ბაზარი ახალგაზრდა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სივრცეა, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სათამაშო ინდუსტრიის განვითარებაში. მისი თქმით, რეგიონი დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალური სათამაშო ბაზრისთვის.

ცენტრალურ აზიაში 75 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი). მოსახლეობის უმეტესობა ახალგაზრდაა, ინტერნეტის მოხმარება მაღალია, ხოლო ფინტექი და მობილური გადახდები სწრაფად ვითარდება. ამ პირობებში, ონლაინ თამაშებისა და ფსონებზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება, თუმცა გადამწყვეტია, თუ როგორ მოახერხებენ ქვეყნები მის სწორად რეგულირებას. მოსახლეობის დიდი ნაწილი 35 წლამდეა, რაც მათ პოტენციურ მომხმარებელთა ძირითად სეგმენტად აქცევს.

სხვადასხვა ქვეყნების მოდელები

ყაზახეთი – კაზინოები დაშვებულია მხოლოდ ორ სპეციალურ ზონაში – კაპშაგაიში და შჩუჩინსკში, ხოლო ონლაინ კაზინოები აკრძალულია, რადგან არალეგალურ ტრაფიკს ქმნის. სპორტული ფსონები ლეგალურია და აქტიურად ვითარდება, თუმცა მაღალი საგადასახადო ტვირთი ოპერატორებისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხელს უწყობს ნაცრისფერი ბაზრის ზრდას. 

კაპშაგაი, როგორც ქვეყნის მთავარი სათამაშო ზონა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ალმათის ოლქის სიახლოვე, მდიდარი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მხოლოდ ლიცენზირებული კაზინოების არსებობა კაპშაგაის სტრატეგიულ ჰაბად აქცევს ლეგალური კაზინოებისა და გასართობი ბიზნესისთვის. მომავალი გეგმები მოიცავს ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და დასაქმების ზრდას ადგილობრივ მოსახლეობაში.

შჩუჩინსკი შედარებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა ისიც ფუნქციონირებს როგორც რეგულირებული სათამაშო ზონა, სადაც ოპერატორებს კანონით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ. განსაკუთრებით საინტერესოა აქტაუს რეგიონი, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. გარდა ამისა, ყაზახეთს ჩინეთის საზღვართან კიდევ ორი დამატებითი რეგიონი აქვს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, აზიის ბაზარზე აქტიურად ინტეგრირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ბაზარი შედარებით მოწესრიგებულია, ცვლილებების განხორციელება კვლავ აუცილებელია, რათა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი კონკურენცია მეზობელ ქვეყნებთან და შეიქმნას კიდევ უფრო გამჭვირვალე სათამაშო გარემო.

უზბეკეთი – ყველაზე საინტერესო ახალი ბაზარია, რომელმაც დაბალი გადასახადების წყალობით დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად დაბალი გადასახადებისა, სალიცენზიო მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს საწყის ეტაპზე სერიოზულ ინვესტიციებს სთხოვს. დღემდე არ არის ბოლომდე მოწესრიგებული საგადასახადო კანონმდებლობა: პრეზიდენტის ბრძანებით GGR გადასახადი 4%-ია, მაგრამ საგადასახადო კოდექსში ჯერ კიდევ 20%-ია განსაზღვრული. ეს ინვესტორებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. მიწაზე მოქმედი კაზინოები უზბეკეთში აკრძალულია – ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის დაცვით არის განპირობებული, თუმცა ინვესტორებს ხელს უშლის ტურიზმის განვითარებაში. უზბეკეთს 38 მილიონი მოსახლე ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 7 მილიონი აქტიურად თამაშობს სხვადასხვა არალეგალურ პლატფორმაზე. 2021 წლამდე სრული აკრძალვა მოქმედებდა, თუმცა ახლა ლიბერალიზაციის პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს: დაშვებულია სპორტული ფსონები და ლატარიები, იგეგმება საკაზინო პილოტური პროექტები. მიუხედავად ამისა, ლიცენზიები ძვირია და კანონმდებლობა ბოლომდე არ არის გამართული. უზბეკეთს უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად ჩამოყალიბდეს, თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.

ყირგიზეთი – კაზინოები ნაწილობრივ დაშვებულია თუმცა ონლაინ აკრძალულია, რაც ხელს უწყობს ნაცრისფერი ბაზრის განვითარებას. ასევე დაშვებულია ლოტო თამაშები, თუმცა ისინი დამოუკიდებელ სეგმენტს წარმოადგენენ და პირდაპირ სათამაშო ბიზნესს არ ეკუთვნიან.

ტაჯიკეთი და თურქმენეთი – ორივე ქვეყანაში სრული აკრძალვა მოქმედებს, თუმცა უკანონო ოპერატორები მაინც აგრძელებენ საქმიანობას VPN-ებისა და კრიპტოვალუტის მეშვეობით.

მეზობელი ქვეყნების გამოცდილება

მამულაიშვილმა ყურადღება გაამახვილა მეზობელ ქვეყნებზეც. მისი თქმით, რუსეთი მკაცრ მოდელს ინარჩუნებს, ხოლო საქართველო – მიუხედავად 2022 წელს გამკაცრებული რეგულაციებისა – კვლავ ლიდერ ჰაბად რჩება აზიასა და ევროპას შორის. სომხეთში გადასახადების ზრდამ უკანონო ბაზრის გაძლიერება გამოიწვია, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში მხოლოდ სპორტული ფსონებია დაშვებული, თუმცა 2026 წლიდან კაზინოების ლეგალიზაცია იგეგმება.

„საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ლიბერალური, მაგრამ დაბალანსებული მოდელი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე მკაცრი შეზღუდვები,“ – აღნიშნა მამულაიშვილმა.

მთავარი გამოწვევები

ცენტრალურ აზიაში ოთხი ძირითადი პრობლემა იკვეთება:

  1. უკანონო ოპერატორების ზრდა;
  2. სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები და დამოკიდებულების რისკი ახალგაზრდებში;
  3. მაღალი გადასახადები, რომლებიც აფერხებს ლეგალური ბიზნესის განვითარებას;
  4. რეგულაციების ფრაგმენტაცია, რაც რეგიონულ ოპერაციებს ართულებს.

დასკვნა

დასასრულს, მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია:

  • გამჭვირვალე ლიცენზირების წესები;
  • დაბალანსებული საგადასახადო პოლიტიკა;
  • პასუხისმგებელი თამაშის მკაფიო სტანდარტები.

„თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება,“ – განაცხადა მამულაიშვილმა, – „ცენტრალური აზია ევრაზიის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და მიმზიდველ სათამაშო იურისდიქციად იქცევა.“

 

#SPiCE2025  #ცენტრალურიაზია  #თამაშებისინდუსტრია  #სათამაშობიზნესი #ბიზნესფორუმი  #ცენტრალურიაზიისბაზარი  #რეგულაციები 

 

 

სხვა სიახლეები

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

23 სექ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

13 ივლ, 2025

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

13 ივნ, 2025

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ