GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
"არალეგალური ოპერატორების დაბლოკვაზე კონსულტაციები მიდის" - რა გამოწვევები აქვს სათამაშო ბიზნესს?

"არალეგალური ოპერატორების დაბლოკვაზე კონსულტაციები მიდის" - რა გამოწვევები აქვს სათამაშო ბიზნესს?

05 თებ, 2026

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, სექტორისთვის მთავარი გამოწვევა არალეგალური ოპერატორებია.

როგორც მან BM.GE-სთან გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, პოზიტიურია რომ ბიზნესმა რეგულაციების შემდეგ მოახერხა მომხმარებლების დაბრუნება, თუმცა შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არალეგალური ოპერატორების შეზღუდვა.

"იმით, რომ ბიზნესმა მოახერხა, გარდატეხის მოეხდინა თვითონ სექტორში, კმაყოფილები ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა საქართველოს ბაზარზე იმ მომხმარებლების დაბრუნება, რომლებიც იყვნენ გასულები. საშუალოდ ახლა ბაზარი იზრდება 15-20%-ით ყოველწლიურად, მოყოლებული 2024 წლიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ის პირველი ცვლილებები რაც შემოვიდა და ლეგალურ ოპერატორებს დააკარგვინა მომხმარებლები და შეუქმნა პრობლემები, მაგის გარდატეხა მოახერხა თვითონ ბიზნესმა უკვე 2024 წელს და მენეჯმენტის ჩართულობით, რომლებიც აქ ოპერირებენ, მოხერხდა ამ მომხმარებლების უკან დაბრუნება. თუნდაც იმ შეთავაზებებით, რაც გვაქვს.

მაგრამ, აქ მეორე მომენტია, ეს არის არალეგალური ოპერატორები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ დიდ აქტივობას აკეთებენ საქართველოს ბაზარზე და ეს პრობლემას ქმნის ლეგალური ოპერატორებისთვის",- ამბობს გიორგი მამულაიშვილი.

მისი განმარტებით, საუბარია არალეგალურ ონლაინ პლატფორმებზე, რომლებზე წვდომაც აქვთ მათ შორის არასრულწლოვნებს და იმ პირებს, რომლებსაც ლეგალურ საიტებზე თამაში ეზღუდებათ. გიორგი მამულაიშვილის თქმით, მსგავსი პლატფორმების დაბლოკვის საკითხზე მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და არის მოლოდინი, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

"არალეგალური ოპერატორები, როგორც ლეგალურ ოპერატორებს უქმნიან პრობლემას, ასევე უქმნიან პრობლემას თვითონ საზოგადოებას. არასრულწლოვნები და შეზღუდული პირები, რომლებზეც არის საუბარი, რომ ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში, ზუსტად ეს მომხმარებლები თამაშობენ არალეგალურ პლატფორმებზე.

თუ არ მოხდა სისტემური ცვლილებები იმასთან მიმართებით, რომ არალეგალური ოპერატორები დაიბლოკოს, ვერ შეიცვლება არსებული ვითარება. ამაზე მიდის დღესდღეობით კონსულტაციები შემოსავლების სამსახურთანაც, ფინანსთა სამინისტროსთანაც, რეგულატორთანაც. ანუ თვითონ სახელმწიფოსაც აქვს იმის განცდა და სურვილი, რომ ეს სისტემა შეცვალოს. უბრალოდ აქ იქნება კანონმდებლობის დონეზე რაღაც-რაღაცები შესაცვლელი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ იმას, რომ მოხდება მაქსიმალურად არალეგალური ოპერატორების დაბლოკვა. თუ ეს ცვლილება შემოვიდა და ხელი შეუწყო სახელმწიფომ ბიზნესის განვითარებას, ეს კარგი იქნება არა მარტო ოპერატორებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც და თვითონ საზოგადოებისთვისაც. იმიტომ, რომ თქვენ მოგეხსენებათ, სათამაშო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად კონტროლდება, როგორც ასაკობრივი ზღვარი, ასევე შეზღუდულ პირთა სიები და ასე შემდეგ. თუმცა, იმ არალეგალურ საიტებს დღესდღეობით კონტროლი არ გააჩნიათ. ის, რაც უნდა გადაიხადონ ბიუჯეტში, ხარჯავენ მომხმარებლის მოზიდვაში. აქ მომხმარებლების დაცვაზეც არის აქცენტი გასაკეთებელი, რომ ეს არალეგალური საიტები, რომელი ქვეყნის ლიცენზიით არიან ვერ გაიგებ და ჩვეულებრივ მომხმარებელს დაცულობა არა აქვს. ეს იქნება დადებითი ნაბიჯი, რომ მომხმარებელი დარჩება ქვეყანაში, მოხდება გადასახადის გადახდა, გავაკონტროლებთ ჩართულობას, შეზღუდულ პირს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავუშვათ მიიღოს მონაწილეობა აზარტულ თამაშებში და ასე შემდეგ. აქ არ არის საუბარი 100%-იან გარანტიაზე, რომ არალეგალური ოპერატორები აღარ იქნებიან საქართველოში, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, თუნდაც ბაზრის 50% რომ დავიბრუნოთ უკან, უკვე დიდი ნაბიჯი იქნება",- ამბობს გიორგი მამულაიშვილი.

ის კიდევ ერთ გამოწვევად გამოყოფს სპორტულ ფსონებს, რასთან მიმართებითაც სექტორის სურვილია, რომ დაბეგვრა ხდებოდეს არა შემოსავლიდან, არამედ მოგებიდან. მამულაიშვილის თქმით, ამ საკითხზეც შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

"რჩება ასევე სპორტის საკითხი, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ დიდი რაოდენობის მომხმარებლები მოვიბრუნოთ უკან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს სპორტის ბრუნვა იბეგრება და არა შემოსავალი. გამომდინარე აქედან, ისეთ შეთავაზებას ვერ ვაძლევთ მომხმარებელს, რომელიც დავუშვათ მოხიბლავს და დააბრუნებს საქართველოს ბაზარზე. ცვლილება, რომ სპორტი იბეგრებოდეს არა შემოსავლიდან, არამედ მოგებიდან დიდი პლუსი იქნება მომავალში და იმით, რომ დავუშვათ ოპერატორებს საშუალება ექნებათ მეტი შეთავაზება გააკეთონ ვიდრე უცხოური არალეგალური ოპერატორები, რომლებიც დღესდღეობით აკეთებენ ამას",- აღნიშნა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

BM.GE ასევე დაინტერესდა, როგორ უყურებს სექტორი რეგიონული კონკურენციის საკითხს, კერძოდ აზერბაიჯანის მიერ აზარტული თამაშების ლეგალიზების გავლენას, რაზეც გიორგი მამულაიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კონკურენციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერჯერობით საქართველო ამ მიმართულებით ბევრად განვითარებულია.

"აზერბაიჯანმა წელს გააკეთა ლეგალიზაცია, თუმცა წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს. ეს არ ეხება ონლაინ სექტორს, აქ არის უფრო მიწის ობიექტებზე საუბარი და დღესდღეობით მე ცვლილებას ვერ ვხედავ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივ ჩამოდიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და თამაშობენ საქართველოში. ლეგალიზაცია ერთია, მაგრამ ინფრასტრუქტურის აწყობა მეორეა. საქართველოში ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია ამ ეტაპზე, ვიდრე აზერბაიჯანში. ბევრად უფრო მეტი სხვა სერვისები აქვს მომხმარებელს, ვიდრე დავუშვათ იგივე აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში ჯერ კაზინოც არ გახსნილა. შესაბამისად, კონკურენციაზე ამ ეტაპზე საუბარი ცოტა ნაადრევია და დრო გვაჩვენებს, როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი და საითკენ წავა",- განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

03 ოქტ, 2025

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

23 სექ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ