GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
New ONJN Head Launches Review of Gambling Regulator’s Operations

New ONJN Head Launches Review of Gambling Regulator’s Operations

17 სექ, 2026

რუმინეთის აზარტული თამაშების ეროვნულ ოფისში (ONJN) ახალი პრეზიდენტის, ვალენტინ-იოან ტომესკუს ხელმძღვანელობით, სტრატეგიული გადახედვა მიმდინარეობს. ტომესკუმ მარეგულირებლის მთავარ პრიორიტეტებად ციფრულიზაცია, ადამიანური რესურსების გაძლიერება და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების განვითარება დაასახელა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ილიე ბოლოჟანმა ტომესკუ ONJN-ის პრეზიდენტად 21 აგვისტოს დანიშნა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მოულოდნელად გათავისუფლდა მისი წინამორბედი ვლად-კრისტიან სოარე. სოარეს განცხადებით, მისთვის გათავისუფლების მიზეზები არ განუმარტავთ.

ONJN-ის ხელმძღვანელობაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 2025 წლის დასაწყისში ჩატარებულმა აუდიტმა უწყების საქმიანობისა და მართვის პროცესები მოიცვა და მარეგულირებლის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. აუდიტი 2019–2023 წლების პერიოდს ეხებოდა, ხოლო შემდგომმა ანგარიშებმა პოტენციურად გადაუხდელი სალიცენზიო მოსაკრებლებისა და გადასახადების მოცულობა თითქმის 1 მილიარდ ევროდ შეაფასა.

ტომესკუს პრიორიტეტები

14 სექტემბერს ტომესკუმ ONJN-ის რეფორმირების საწყისი მიმართულებები წარადგინა. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის პირველი სამი კვირა მან უწყების სტრუქტურის, მიმდინარე პროექტების, ადმინისტრაციული პროცესებისა და ყოველდღიური საქმიანობის შეფასებას დაუთმო.

შეფასების მიზანია იმ პრობლემური მიმართულებების გამოვლენა, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს, ასევე ისეთი ზომების განსაზღვრა, რომლებიც მარეგულირებლის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მოქალაქეებთან და ლიცენზირებულ ბიზნესებთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

„პირველი სამი კვირა ძირითადად ჩვენი საქმიანობის შეფასებასა და იმ პრობლემების გამოვლენას დავუთმეთ, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღებამდე დაწესებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი სურათი მქონდეს, თუმცა შეფასებას კონკრეტული ღონისძიებები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა ტომესკუმ.

მისივე თქმით, უკვე განისაზღვრა როგორც მოკლევადიანი პრიორიტეტები, რომლებსაც სწრაფი შედეგის მოტანა შეუძლია, ისე უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებები, რომელთა განხორციელებას მეტი დრო დასჭირდება.

ადმინისტრაციული პროცესების ციფრულიზაცია

ONJN-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად ციფრულიზაცია განისაზღვრა. უწყება გეგმავს, დაახლოებით ორი კვირის ვადაში, დანერგოს დოკუმენტების რეგისტრაციისა და მართვის ციფრული სისტემა, რომელიც განცხადებებს, კორესპონდენციასა და სხვადასხვა სახის მოთხოვნას მოიცავს.

ამასთან, განახლდება მოქალაქეთა განცხადებებისა და მოთხოვნების ელექტრონული პორტალი. ცვლილებების მიზანია დოკუმენტების მოძრაობის უკეთ კონტროლი, მათი დამუშავების დროის შემცირება და პასუხებისთვის განსაზღვრული ვადების მონიტორინგი.

ONJN-ის განცხადებით, ახალი სისტემა ადმინისტრაციული პროცესების ნაწილის ავტომატიზაციას და თანამშრომლებისთვის მიმდინარე და დაუმუშავებელი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის უკეთ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია და მკურნალობა

მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად ტომესკუმ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროგრამის შექმნა დაასახელა.

ONJN უკვე მუშაობს მექანიზმის შემუშავებაზე, რომლის საშუალებითაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს შეფასების, კონსულტაციისა და შესაბამისი მკურნალობის სერვისებზე წვდომა ექნებათ. პროგრამის განხორციელება იმ სახელმწიფო და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით იგეგმება, რომლებიც აღნიშნული სერვისების მიწოდებაზე არიან პასუხისმგებელი.

ამ ეტაპზე ONJN-ს პროგრამის ამოქმედების კონკრეტული თარიღი ან მისი დაფინანსების დეტალები არ გაუსაჯაროებია.

თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და შიდა კონტროლის გაძლიერება

ტომესკუმ ასევე განაცხადა, რომ ONJN რუმინეთის აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს. შესაბამისი დეპარტამენტები აუდიტის მოთხოვნებს კონკრეტულ ღონისძიებებად გარდაქმნიან, განუსაზღვრავენ შესრულების ვადებს და პასუხისმგებელ პირებს. მიზანია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

პირველადი შეფასების შედეგად ასევე გამოვლინდა თანამშრომელთა დეფიციტი, რაც ONJN-ის კანონით განსაზღვრული ფუნქციების სრულად შესრულებაზე აისახება.

უწყება გეგმავს არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, სამუშაოს პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებას და ვაკანტური პოზიციების შევსების გზების მოძიებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მენეჯერულ პოზიციებსაც. ტომესკუს განცხადებით, ხელმძღვანელობითი რგოლის გაძლიერებისას მთავარი პრინციპი პროფესიონალიზმი იქნება, ხოლო დაწინაურებისას გათვალისწინებული იქნება თანამშრომლების კომპეტენცია, გამოცდილება და მათზე დაკისრებული დეპარტამენტის საქმიანობაზე პასუხისმგებლობის ხარისხი.

ONJN შეფასების პროცესს რეფორმების ეტაპობრივ განხორციელებასთან ერთად გააგრძელებს. ტომესკუს უახლოესი ამოცანაა, მიმდინარე შეფასებები კონკრეტულ და გაზომვად შედეგებად გარდაქმნას – ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების, შიდა კონტროლის გაძლიერებისა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მხარდაჭერის მიმართულებით.

 

 

წყარო

 

 

#რუმინეთი #ციფრულიზაცია #პასუხისმგებლიანითამაში #მოთამაშეთადაცვა #ლიცენზირება #თამაშების-რეგულირება

სხვა სიახლეები

პერუში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა

01 სექ, 2026

პერუში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა

დანია Polymarket-ს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბლოკავს

21 აგვ, 2026

დანია Polymarket-ს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბლოკავს

ნიდერლანდების რადიოსადგური Facebook-სა და Instagram-ზე უკანონო აზარტული თამაშების რეკლამებს აკრიტიკებს

17 აგვ, 2026

ნიდერლანდების რადიოსადგური Facebook-სა და Instagram-ზე უკანონო აზარტული თამაშების რეკლამებს აკრიტიკებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ